ცხადი პოზიცია გვაქვს ტაივანზე, დინამიკური ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“

ასე უპასუხა მინისტრმა დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება.


„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობები დაიწყო არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ამის მთავარი მიზეზი იყო რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეხდინა ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება და ეს კონკრეტული შედეგი დაიდო: საქართველომ წარმატებით მოახდინა საექსპორტო პროდუქციის გატანა ჩინეთის ბაზარზე,“ - განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ურთიერთობის განვითარების შედეგად „ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“


„ეს ურთიერთობები გრძელდება. კარგად თუ ადევნებით თვალყურს, ახლახან განვაცხადეთ დეკლარირებულად, რომ ურთიერთობებს ახალ სივრცეში ავიყვანთ. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, განვითარდეს შუა დერეფანი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული როლი და ფუნქცია, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ აზია და ევროპა ერთმანეთს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარ პირობებში აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ევროინტეგრაციის და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.