პოლიტიკა
ახალი ამბები
NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ NATO-ში საქართველო MAP-ით გაწევრიანდება თუ მის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
„მოგეხსენებათ, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს NATO-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი NATO-ში წევრობისთვის. ეს არაერთხელ თქმულა უმაღლესი დონის შეხვედრებზე და, მგონი, როგორც NATO-ელები, ასევე ქართველები ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით.
მან ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზეც ისაუბრა და გაიმეორა ალიანსის წარმომადგენელთა პოზიცია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გზას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც უხსნის.
„რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მხრივ,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.