ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციები პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოცხადდა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. მმართველი გუნდი ივანიშვილის დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებს, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადის უკან რამდენიმე ფაქტორს ხედავს.


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბრის გამოსვლაში, მოღალატე უწოდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„კარგია, როგორც იქნა, ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“ - წერს გახარია.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენა ხალხის შიშმა და „ქართული ოცნების“ მიმართ „მხარდაჭერის სწრაფად ვარდნის“ მიმდინარე პროცესმა გამოიწვია. ვაშაძის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში „პირადი კეთილდღეობისთვის“ და „პირადი უსაფრთხოებისთვის“ დაბრუნდა.


„ამ შეშინებულმა ადამიანმა (ბიძინა ივანიშვილმა) გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა მას მოუგო ჭიდაობა, ბრძოლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თუ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო წავიდა,“ განაცხადა თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.


„ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს.

მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია.

„არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა,“ - მიიჩნევს თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია.


„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული.

„დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო. ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი.


ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება.


ამიტომ, ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


რაც შეეხება მმართველ გუნდს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა.“


მანვე აღნიშნა, მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ „რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში.“