ილჰამ ალიევი: სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

"სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

დღეს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან, ვიდეოფორმატში გამართა შეხვედრა.

მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში, საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, მან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე, სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

"ამ პლატფორმის მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ამიტომ, როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში საქართველოს, შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდება რუსეთს და ირანს, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთის გავლით დაუკავშირდება თურქეთს.

2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა.

„მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს.