NATO-მ განაცხადა, რომ ალიანსის რიგ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის 1000 რაკეტების შეძენაში დაეხმარება, რათა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ტერიტორია.
NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი Patriot-ების შეძენაში და აღნიშნა, რომ ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება.
კონტრაქტის ღირებულება 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხსენებულ განცხადებას მიესალმა.
„რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინელ სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საჰაერო თავდაცვა. საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოების გასაღებია,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
სააგენტო AP წერს, რომ შესყიდვა მოკავშირეებს დაეხმარება, რომ უკრაინისთვის უფრო მეტი საკუთარი თავდაცვის სისტემები გამოათავისუფლოს.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 92 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული იერიშების შედეგად.
უკრაინა პარტნიორების დახმარებით, საჰარეო თავდაცვას აძლიერებს.