ევროკავშირს კორონავირუსის ვაქცინის სერთიფიკატის შემუშავება სურს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ტურისტული სეზონისთვის, მაგრამ სისტემის შედგენას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
როგორც ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ტექნიკური სამუშაოების გარდა, COVID-პასპორტთან დაკავშირებით, რამდენიმე ღია პოლიტიკური კითხვაც არსებობს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კოვიდ-პასპორტის შემოღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ და მათი აზრი ორად იყოფა.
ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია.
აღნიშნულ ქვეყნებს ასევე მიაჩნიათ, რომ მხოლოდ აცრილი პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებლივი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.