მიანმარში აჯანყებულებმა ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი აიღეს - Reuters

მიანმარის აჯანყებულთა ალიანსმა ქვეყნის არასტაბილურ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 


ლაუკაის დაცემა აჯანყებულთა უკანასკნელი გამარჯვებაა ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.

შეიარაღებული კონფლიქტი სამხედროებსა და მეამბოხე ჯგუფებს შორის მიანმარის ჩრდილოეთში ოქტომბრის ბოლოდან გაიზარდა. მეზობელი ჩინეთი, რომელმაც ხელი შეუწყო ორ მხარეს შორის დიალოგს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.


მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი, ლაუკაი აზარტული თამაშებით და აქ მდებარე ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრებით არის ცნობილი. ხუნტის მთავარი მოკავშირე, ჩინეთი ბოლო თვეებში თაღლითური სქემების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

თავდასხმის დაწყებამდე, სამი საძმოს სახელით ცნობილმა ალიანსმა განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ თაღლითური ცენტრების გაწმენდა იყო. დეკემბრის ბოლოს ჩინეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ლაუკაის ტერიტორია, უსაფრთხოების რისკების მოტივით.

მიანმარის არმიას ათზე მეტი რეგიონული ოპერაციების სარდლობა აქვს, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გავრცელებული.