ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ლიბანში იმყოფება, განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს უკავშირდება.
ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ბუ ჰაბიბმა თავის მხრივ, დაადასტურა, რომ „ლიბანის მთავრობა ცდილობს შეამციროს ესკალაცია და გამოიჩინოს თავშეკავება.
„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთხმად არის შეთანხმებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ღაზის სექტორი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს,“ - განაცხადა ბორელმა.
Reuters-ის ცნობით, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“
„აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება,“ - განაცხადა ბორელმა.
დასავლეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს.
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურნე თურქეტში ვიზიტით დაიწყო.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.