Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს.
წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ როგორც Reuters-ი 6 იანვარს წერდა, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.