NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას

ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება.


მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს.

ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.