ბოსნია-ჰერცეგოვინის ცაზე ორმა ამერიკულმა გამანადგურებელმა გადაიფრინა. ამერიკის საელჩომ სარაევოში განაცხადა, რომ F16-ის ტიპის თვითმფრინავით გადაფრენა, ბოსნიის ძალებთან ერთად ჩატარებული წვრთნების ნაწილი და აშშ-ის ვალდებულების დემონსტრირებაა, რომელიც ბოსნიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ემსახურება.
საელჩოს განცხადება ერთგვარად ეხმაურება ნაციონალისტი და პრო-რუსი, ასევე, აშშ-ის მიერ სანქცირებული მილორად დოდიკის განახლებულ სეპარატისტულ აგიტაციას, რომლის თანახმად, ბოსნიის ნაწილი ქვეყანას უნდა გამოეყოს და სერბეთს შეუერთდეს. მედია წერს, რომ აშშ-ის ეს მხარდამჭერი ჟესტი ერთი დღით უსწრებდა სერბი ნაციონალისტების მიერ დაგეგმილ „ზეიმს,“ რომელსაც „სერბი სეპარატისტები სამხედრო სტილის ნაციონალისტურ აღლუმს უწოდებენ.“
„ეს ორმხრივი სწავლება არის მოწინავე სამხედრო თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას დასავლეთ ბალკანეთში. ის ასევე აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართ," - წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „დეიტონის შეთანხმებით,“, რომელსაც აშშ შუამდგომლობდა, ბოსნიაში 1992-95 წლებში მიმდინარე ომი დასრულდა, რომლის დროსაც, დაახლოებით, 100 000 ადამიანი მოკლეს, ხოლო მილიონი დევნილად იქცა.
თავის განცხადებაში აშშ-ის საელჩომ ასევე მიუთითა, რომ ვაშინგტონი "იმოქმედებს", თუ ვინმე შეეცდება, ხელყოს სახელმწიფო კონსტიტუცია და 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოსნიის ომი დაასრულა.