უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს.
„თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით,“ - განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინაში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, მან ორბანს სთხოვა, დაესახელებინა მინიმუმ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინა არ უნდა იყოს ევროკავშირში. შეგახსენებთ, ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინააღმდეგია.