ბლინკენი: მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, აშშ-ის ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის მოლოდინი აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ გლობალური მნიშვნელობის პროცესებზე შტატების გავლენამ იკლო, რამაც ხელი შეუწყო იმ ვითარებას, რაც ახლა მსოფლიოშია - ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.


„ის, რაც მესმის მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მივდივარ, არის წყურვილი, შიმშილი, ჩვენი ჩართულობის, ჩვენი ლიდერობის სურვილი. ურთიერთობები, პარტნიორობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისევე, როგორც ჩვენი ლიდერობა აუცილებელია, სხვებთან თანამშრომლობის ახალი გზების პოვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ახლა უფრო მეტი კონვერგენცია გვაქვს ევროპასთან, აზიასთან, თუ როგორ მოვიქცეთ პუტინთან ან როგორ გავუმკლავდეთ ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს,“ - უპასუხა ბლინკენმა CNBC-ს შეკითხვას.


_რა მოხდება, თუ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, როდესაც საქმე ეხება ყველა ამ საკითხს, რომელზეც საუბრობთ საერთაშორისო დონეზე? ჟურნალისტის ამ შეკითხვას ბლინკენმა შემდეგი პასუსი გასცა.

„მე საგარეო პოლიტიკას ვუძღვები. მე არ ვაკეთებ პოლიტიკას. ვცდილობ, გავატარო საუკეთესო საგარეო პოლიტიკა ამერიკელი ხალხის ინტერესების წინსვლისთვის. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა - მთელ გუნდს სთხოვა - და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლური ტურნედან ბლინკენი ახლახან დაბრუნდა. ომის განმავლობაში ის არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაშიც.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. რაც შეეხება ისრაელს, „ჰამასი“ მას 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შემდეგაც, ისრაელმა საომარი მდგომარება გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. აშშ-მ სამხედრო დახმარება ისრაელსაც მიაწოდა.