ადმირალი ბაუერი: უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ამ ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ NATO ყოველდღიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. უკრაინის დახმარების გაგრძელება ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც ბრიუსელში მსჯელობს სამხედრო კომიტეტი. ორდღიანი სხდომა დღეს, 17 იანვარს გაიხსნა.

„დღეს 693-ე დღეა, რაც რუსეთს 3-დღიანი ომი მიაჩნდა. უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა ყოველი მომდევნო დღისთვის, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს,“ - აღნიშნა ბაუერმა.

ადმირალ ბაუერის შეფასებით, დღეს მსოფლიოში დემოკრატიას სჭირდება იმაზე მეტად დაცვა, ვიდრე ოდესმე.


„ომი არასდროს ყოფილა დაკავშირებული რუსეთისთვის უკრაინისგან ან NATO-სგან მომდინარე რაიმე რეალურ საფრთხესთან. ეს ომი უკავშირდება იმას, რისიც რუსეთს ნებისმიერ იარაღზე მეტად ეშინია - დემოკრატიას,“ - განაცხადა ბაუერმა.