შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას უკავშირდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ოთხშაბათს, 17 იანვარს დავოსში, ვიქტორ პინჩუკის ფონდის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
მან განმარტა, რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს მას შემდეგ, რაც შვედეთი NATOში გაწევრიანდება.
„შვედეთის უსაფრთხოებაზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - არაფერს გამოვრიცხავთ,"- განაცხადა ბილსტრომმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების პოტენციური მიწოდება გასული წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ივან ჰავრილიუკსა და შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მეთაურს მიქაელ ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. სამინისტროს ცნობით, ბუდენმა, რომელიც შვედეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გადაცემა განიხილება როგორც პოლიტიკურ, ასევე - სამხედრო დონეზე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.