რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. ბაუერის ციტატას ამჯერად Sky News-ი ავრცელებს.
„უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ეს მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაესხმებიან NATO-ს წევრ ქვეყანას. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – აღნიშნავს ბაუერი.
ადმირალმა ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ შვედეთის მოქმედება სწორი იყო, როდესაც მოუწოდა მოსახლეობას, მოემზადონ ომისთვის ამ თვის დასაწყისში.
„უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი როგორც წესი ისე არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვცდილობთ რაიმე კონფლიქტს, მაგრამ თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ - აღნიშნა ბაუერმა.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებს NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.