ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი პაკისტანის კავშირგაბმულობის, რკინიგზისა და საზღვაო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს საიდ მაჟარ ალი შაჰს შეხვდა. ყაზახური მედიის ცნობით, მხარეებმა რკინიგზის სექტორში და საგზაო და საზღვაო კომუნიკაციებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლასტაევმა დაადასტურა ყაზახეთის განზრახვა, ითანამშრომლოს პაკისტანთან და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ორმხრივი პარტნიორობის გასაძლიერებლად.
„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანზიტო დერეფნების ათვისების კუთხით. ყაზახეთი დაინტერესებულია ML-4 Gwadar-Quetta და Kohat-Tal-Harlachi სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელებით, ვაჭრობის გაფართოებისა და გამარტივების მიზნით,“ - განაცხადა ტალგატ ლასტაევმა.
ტალგატ ლასტაევი პაკისტანურ მხარეს საზღვაო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. როგორც ყაზახური მედია წერს, მან პაკისტანურ მხარეს ჩრდილოეთ-სამხრეთის და TITR დერეფნების ერთობლივი განვითარება შესთავაზა.
„ჩვენ გთავაზობთ, განვიხილოთ საკონტეინერო ტრანსპორტირების ორგანიზების საკითხები და საქონლის ექსპორტი ყაზახეთიდან ჩინეთში აქტაუს პორტით და შემდგომ პაკისტანში, ომანის ყურის გავლით,“ განაცხადა ვიცე-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შუა დერეფანი ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.
მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.