ოპოზიცია აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში სამომავლოდ უნდა განიხილონ

„სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში, ოპოზიციის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დაემატა 2 პუნქტი - მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების დანაწილება: „ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა, ხელისუფლებასთან კონკრეტულზე არაფერზე შეთანხმებულან“.

„შარლ მიშელს იმედი აქვს, რომ პროგრესი მიიღწევა. არანაირი თარიღი არ გვაქვს, ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი და უშუალოდ პრეზიდენტმა ისაუბრა, ორ კვირაში ბრიუსელში არის ასოცირების კომისიის სხდომა, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის და მას უნდა, რომ ამ დროისთვის პროგრესი იყოს. ღარიბაშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორ აფასებს ის შექმნილ სიტუაციას, როგორ აფასებს არჩევნებს და ასე შემდეგ. არაფერი ახალი არ ყოფილა. რაზეც შეთანხმება მოხდა ისაა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის შემდეგ წარმოგვიდგინა პუნქტები. ეს არის იგივე პუნქტები, რაც იყო ისედაც მოლაპარაკების მაგიდაზე, პლუს არის დამატებული ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ზოგადი ჩანაწერია, არაფერი კონკრეტული არ წერია, მეორე ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ზოგადი ჩანაწერია, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას ეხება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა, გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„მთავრობას აქამდე ჰქონდა არახელსაყრელი პოზიცია. შარლ მიშელის ჩარევით კი ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი", - განცხადა გიგა ბოკერიამ.

„ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ გამოსავალას ნახავენ.

„შეხვედრაზე ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი, რომელიც თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა, თუმცა მისი გასაჯაროება ამ ეტაპზე არ შემიძლია.

კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ დღეს არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ. კატეგორიულად იყო საკითხი დასმული, რომ ვიდრე მელია არის ამ მდგომარეობაში, ძალიან ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ვნახავთ. ჩამოიწერა დაახლოებით ექვსი პუნქტი. ეს დოკუმენტი თვითონ პრეზიდენტმა შეადგინა. მე ამის გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შევნიშნე, რომ ღარიბაშვილმა საუბრის რაღაც ნაწილი დაუთმო ისევ წარსულს და მერე შევთანხმდით, რომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს.

„თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა. პლებისციტზეც არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხები. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ", - განცხადა ვაშაძემ

გიგა ბოკერიას თქმით, მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების.

„ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.