ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ აგრძელებს მტკიცებს, რომ „კონფლიქტის“ სამხედრო გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს - ის მოუწოდებს სხვა მხარეებს, პატივი სცენ მის პოზიციას.

რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან, აღიარა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ საკითხზე ბრატისლავასა და კიევს საკმაოდ განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც მისი მოლაპარაკებების დროს, უჟგოროდშიც დადასტურდა, მაგრამ „ბევრ საკითხზე მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა.“ ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 24 იანვარს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგასგან მხოლოდ ომის გაგრძელების გეგმები მოისმინა, თავად კი, მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას ეს არარეალურად მიაჩნია.


მაგრამ ყველა საკითხის მიუხედავად, ფიცომ დაარწმუნა კიევი, რომ სლოვაკეთი ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული და წარმატებული. ის ამბობს, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.


სლვაკეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (გერმანელი ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულს, რედ.), რომ ის თითქოს "პუტინის მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.

ფიცო ამტკიცებს, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ინტერესის ფოკუსი არ არის რუსეთი და რომ მისი პოზიცია არა პრო-უკრაინული და პროამერიკული, არამედ, პროსლოვაკურია. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა აღიარა, რომ ზოგიერთი მის განცხადებებს „საკამათოდ“ აღიქვამს, ამიტომ, ითხოვა, რომ სხვის მოსაზრებებს პატივი სცენ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს დილით უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს.