ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დაყოვნების გარეშე დაამტკიცოს.
 
Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს NATO-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.

20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა NATO-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. უნგრეთი რჩება NATO-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს.

განახლება: აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა.

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს,“ - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა.

თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.