გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად შეიმუშავებს თავდაცვის სრულყოფილ გეგმას, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, ამის შესახებ გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა განაცხადა.
ანდრე ბოდემანმა აღნიშნა, რომ გეგმის ძირითადი პუნქტები დაეთმობა მტრის ჯარების შეკავებას გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა განიხილონ ომის ახალი მოვლენები და მოემზადონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევებისთვის საბოტაჟისთვის. ასევე მოსალოდნელია, რომ ბუნდესვერის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭირო იქნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად.
„გერმანიის ოპერატიული გეგმა ეფუძნება უსაფრთხოებისა და საფრთხის ამჟამინდელ მდგომარეობას გერმანიასა და მთლიანად ევროპაში. ეს უნდა იყოს რეალიზებადი და განხორციელებული გეგმა, რეალურად რაღაც ხელშესახები, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ იმუშაოს,” - აღნიშნა ბოდემანმა.
კერძოდ, ცნობილია, ახალი გეგმა, რომელიც ასობით გვერდს შეიცავს, გასაიდუმლოებული იქნება. დაგეგმილია მისი განხილვა პოლიციის, სამოქალაქო დაცვის ოფიცრების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკური ინდუსტრიის და მოკავშირეების მონაწილეობით. მისი სრულად განვითარება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე იგეგმება.
„ეს თავდაცვის დაგეგმვა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს შეკავებას. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ კონფლიქტის ან ომის თავიდან ასაცილებლად," - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა.
მისივე თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საფრთხე ემუქრება, შესაძლოა - დივერსიის სახითაც.
„ასე რომ, მე არ ველოდები სატანკო ბრძოლებს ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე და იმედია - არც რუსი მედესანტეების დაშვებას. მაგრამ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს საბოტაჟი ემუქრება, შესაძლოა, სპეცრაზმიც ეცადოს, ჩამოშალოს ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა,“ - დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა.
ბოდემანი თვლის, რომ თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი სფერო კიბერსივრცე უნდა იყოს. კერძოდ, მტრის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ამით გერმანიის ხალხსა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობა.
ცნობისთვის, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.
რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.