NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს

22 იანვარს NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს დღეს, 22 იანვარს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

Steadfast Defender 2024-ს დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი უნდა შეუერთდეს - 31-ვე მოკავშირიდან და მომავალი წევრი - შვედეთიდან. Steadfast Defender 2024-ის სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მოწინააღმდეგესთან.“


წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ხომალდი, მათ შორის, ავიამზიდები და გამანადგურებლები. მანევრებში ჩაერთვება 80-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი, სუ მცირე 1100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის, 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ალიანსის განცხადებით, ეს იქნება NATO-ს ყველაზე დიდი წვრთნები ათწლეულების განმავლობაში, რომელშიც 31-ვე მოკავშირის და შვედეთის 90 000 სამხედრო მოსამსახურე ჩართვება.

სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარის თანახმად, რუსეთი NATO-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც, ალიანსი აამოქმედებს NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ. Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ამ სწავლებით ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში.


  • "ეს წვრთნები ჩვენი ტრანსატლანტიკური ერთობისა და ნებისმიერ პირობებში ჩვენი ძალების სწრაფად განლაგების უნარის დემონსტრირებაა."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ „ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება.“

NATO-ს განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის, თუმცა მისი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი რუსეთს NATO-ს წევრების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ასახელებს. NATO-მ მსგავსი წვრთნები ბოლოს 1988 წელს ჩაატარა და მასში ჩართული იყო 125 000 მონაწილე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ყველაზე მასშტაბური სწავლება 2018 წელს ჩაატარა 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ჩაატარა.


NATO-ს მაღალჩინოსანმა აღნიშნული წვრთნების წინ განაცხადა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის.

„უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის," - აღნიშნა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში, ცივი ომის შემდეგ ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის დაწყების წინ.

„ალიანსი მძლავრად უნდა იყოს მობილიზებული და "მოულოდნელს უნდა ელოდოს. სრულად ეფექტიანები რომ ვიყოთ, მათ შორის, მომავალშიც, ჩვენ გვჭირდება NATO-ს საბრძოლო ტრანსფორმაცია," განმარტა მან.


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორი პისტორიუსი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებზეც გავრცელდეს.

„კრემლისგან მუქარა თითქმის ყოველდღიურად გვესმის - ახლახან კვლავ ბალტიის ქვეყნებში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ," - განუცხადა პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს 19 იანვარს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთის მიერ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთი NATO-ს შეუქმნის საფრთხეს, ამიტომ, მოსკოვს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცენ. რობ ბაუერმა ხაზგასმით, აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს.