ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ზომები ასეთია:

  • ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს გენოციდად; ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდურ ქმედებებს; ისრაელმა უნდა აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი საჯარო კომენტარის გამო, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ღაზის სექტორში გენოციდის წაქეზებად;
  • ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ისრაელმა უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მტკიცებულების განადგურება, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს გენოციდის საქმეში; ისრაელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში; სასამართლომ ასევე გამოხატა დიდი შეშფოთება “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ბედთან დაკავშირებით და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს დაუჭირა მხარი.

ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას, შესაძლოა, 3-4 წელიც კი დასჭირდეს.


გამოხმაურება

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague.“

სამხრეთ აფრიკის მთავრობა მიესალმა დროებით ზომებს, რომლებიც ICJ-მ გამოსცა ისრაელის წინააღმდეგ.

ჰამასის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი, Reuters-ს განუცხადა, რომ ICJ-ის “გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზის სექტორში მისი დანაშაულების გამოვლენას.“


ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. ისრაელმა გენოციდის შესახებ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედებს, როგორც ტერორისტული ჯგუფ „ჰამასის“ ემისარი, რომელიც ცდილობს, ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას.