სომხეთის შეიარაღებული ძალები ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებში ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით შეტევას ახორციელებდნენ, დღეს დილიდან კი - აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 18 ოქტომბერს დღისით და ღამის განმავლობაშიც ოპერაციები აღდარა-აღდამის, ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილისა და მდინარე არაზის გასწვრივ მიმდინარეობდა.
„ამჟამად, ჩვენი ჯარისკაცები ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებენ", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.