უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

უკრაინაში ჩასულმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. პიტერ სიიარტო მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა.


მათ ასევე მოინახულეს ომში დაღუპული უკრაინის შეიარაღებული ძალების უნგრელი ეროვნების სამხედროების საფლავები და დაესწრნენ 128-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, რობერტ მადიარის დაკრძალვას, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში დაიღუპა.


სიიარტომ მოლაპარაკებები კულებასთან და ერმაკთან ქალაქ უჟგოროდში გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი თემა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვაა.