რა შედეგით დასრულდა უკრაინული და უნგრული მხარეების შეხვედრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და ის ბრიუსელში განიხილება.

„ომი თითქმის ორი წელია, გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს. ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. საფუძვლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.


თავის მხრივ, ერმაკმა ხაზი გაუვსა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. ერმაკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ორივე მხარემ გამოთქვა იმის ინტერესი, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს.

„მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ შეხვედრისკენ ძალიან ძლიერი ნაბიჯი გადავდგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყოს და ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდი გაიხსნას,“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა.


უჟჰოროდში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით უნგრეთთან დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად მზად არის.

„ჩვენ ერთ მარტივ რამეზე შევთანხმდით, უნგრულ მხარეს ვთხოვეთ, იმ კითხვების ამომწურავი სია გადმოეცა, რომელიც მას უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით აქვს, ჩვენ ეს სია მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით სპეციალური კომისია შედგება, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი ამოცანა აქვს: მან ათ დღეში ორივე ქვეყნის მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გაგება უნდა წარუდგინოს იმის შესახებ, თუ სიის მიხედვით რომელი საკითხებია გადასაწყვეტი ან რომელია მოგვარებული, რათა საბოლოო სიცხადე მივიღოთ,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ აღნიშნა, რომ თუ ადრე ეროვნული უმცირესობების საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში განიხილებოდა, ახლა არის სურვილი, რომ მის შესახებ დისკუსია ორმხრივ დონეზე წარიმართოს, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

რუსეთის შესაძლო მიწვევა სამშვიდობო სამიტზე

შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, მეორე სამშვიდობო სამიტზე, ასევე განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, იფიქრონ რუსეთთან საუბრებზე. ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორები NATO-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ, გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც,"- აღნიშნა ერმაკმა.