აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის მიღწევები ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, შესაძლოა, აშშ-ის ახალი დაფინანსების გარეშე ეჭქვეშ დადგეს.
„ამის (აშშ-ის დახმარების, რედ.) გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რასაც უკრაინელებმა მიაღწიეს და რის მიღწევაშიც ჩვენ მათ დავეხმარეთ, საფრთხის ქვეშ დადგება,“ - განაცხადა ბლინკენმა სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ამჟამად არ გვაქვს სამხედრო დახმარება, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით უკრაინას და ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბრძოლის ველზე ეს დახმარება,“ - განმარტა ბლინკენმა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ ეს უფრო გაურთულებს ევროპელებს და სხვებს საქმეს, გააგრძელონ ის, რასაც უკვე აკეთებდნენ.
„ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენ ნამდვილად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.