ყაზახეთი ევროპულ კორპორაციებს ქვეყნის ძირითადი პორტების მართვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი საუბრობს.
„მზად ვართ, ყაზახეთის 22 აეროპორტი ევროპელ ინვესტორებს მართვაში გადაეცეს, რაც ნამდვილად გახდება სატრანზიტო კვანძი აზიასა და ევროპას შორის,“ - განაცხადა კარაბაევმა.
გარდა ამისა, მინისტრმა მსგავსი პარტნიორობა ევროპელ ინვესტორებს, ქვეყნის საზღვაო პორტებთან დაკავშირებით, კერძოდ, აქტაუსა და კურიკის პორტებთან დაკავშირებითაც შესთავაზა.
დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ პორტებმა შუა დერეფნის პროექტისთვის, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინეს.
კარაბაევმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის საკვანძო პოზიციას და მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს გლობალური კარიბჭის ინიციატივით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებისთვის. მინისტრის თქმით, ორი უდიდესი აეროპორტი უკვე გადაეცა კერძო საკუთრებაში - ალმათის აეროპორტი თურქულ-ფრანგულ კომპანია TAV-ს, რომელიც პარიზის აეროპორტს მართავს და ასტანის აეროპორტი - კომპანია Terminals-ს, რომელიც აბუ დაბის აეროპორტებს მართავს.
ბრიუსელში ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავდნენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტიან მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს.
მაღალი დონის მონაწილეებს შორის იყვნენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსპორტის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი ადინა ვალეანი.
-
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი: ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პორტების განვითარებაში