24 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წვრთნები Steadfast Defender 24-ის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ეს NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნებია 1988 წლის შემდეგ.
„მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება.
„Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.
წვრთნებში 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა ჩაერთვება.
წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთში და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.
საწყის ეტაპზე (იანვრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე) ყურადღება გამახვილდება საზღვაო გაძლიერებაზე ატლანტიკისა და არქტიკის გასწვრივ. მეორე ეტაპი (თებერვლის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე) გადაინაცვლებს ყველა დომენზე, არქტიკიდან აღმოსავლეთ ფლანგამდე.
STEADFAST DEFENDER 2024 არის მრავალდომენიანი წვრთნა, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ ოპერაციებს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან, ევროპაში ძალების განლაგებას გულისხმობს.