2022 წელს Nord Stream-ის ორი წყალქვეშა გაზსადენის დივერსია საიდუმლოდ რჩება. შვედეთის პროკურატურის ცნობით, შვედეთმა გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის შესახებ რაიმე მკაფიო დასკვნის გამოტანის გარეშე დაასრულა.
გამოძიება ასკვნის, რომ შვედეთის იურისდიქციის არარსებობის გამო, გამოძიება უნდა დაიხუროს.
„წინასწარი გამოძიება შეწყდა, რადგან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთი ან მისი მოქალაქეები მონაწილეობდნენ თავდასხმაში,“ ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარის გამოძიება გერმანიაშიც მიმდინარეობს. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ წინასწარ გამოძიებასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გადავეცით მასალები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება გერმანიის გამოძიებაში," - ამბობს პროკურორი მატს ლუნგკვისტი, რომელიც შვედეთის გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
შვედეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 26 სექტემბერს განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში, რომლის სამიზნე Nord Stream იყო. შვედეთის წინასწარი გამოძიებით, დივერსია დადგინდა. გამოძიების მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, მონაწილეობდნენ თუ არა შვედეთის მოქალაქეები საბოტაჟში და გამოიყენებოდა თუ არა შვედეთის ტერიტორია ამ აქტისთვის.