გერმანიის ელჩი: არსებობს შესაძლებელია, რომ დეკემბრის ბოლოს, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებაზე, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით

საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ელჩის თქმით, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება.


„წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს,“ – განაცხადა ფიშერმა.

კითხვას, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მთავრობა ერთობლივად მუშაობას, საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ „იმედოვნებს, შეუძლიათ და ეს მათზეა დამოკიდებული.“

„ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს პარლამენტში,“ - აღნიშნა ელჩმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.