ირაკლი კობახიძე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის" შეკითხვებს, რომლებიც კორუფციას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უპასუხა.


კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ამავე ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები და აღნიშნა, რომ მისთვის კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.


„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე [გიორგი გახარია].


მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციით და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად.


ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომა, რომელსაც, მით უმეტეს, არანაირი ინტერესი არ აქვს. მას სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც შესაძლო კორუფციული ფაქტის საპასუხოდ ნათქვამი სიტყვებს - „ქართულ ჯიგრულ პონტში," კრიტიკა მოჰყვა.