პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია. კითხვას, თუ რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა: „უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა.“


ის ამტკიცებს, რომ „უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე.“ კითხვას, იქნება თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და რატომ არ ყოფილა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად აქამდე, “პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, მაგრამ კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება უარყო.“

„ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში,“ – აღნიშნა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარსლონსთან ინტერვიუსას.

პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა. პუტინის თქმით, მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთს საჭირო პირობები უნდა შეექმნა.

`ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მივალთ შეთანხმებამდე. და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება," - განაცხადა პუტინმა.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად.

  • რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია.
  • საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.