ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის (TRACECA) შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ფონდი შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს. ბაირამოვის თქმით, ფონდში მოწვეული იქნება TRACECA-ს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო კომერციული კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა რუფატ ბაირამოვმა განუცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფონდის წესდებაზე. წელს ირანში TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ვამზადებთ ყველა დოკუმენტს, რომ სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება ფონდის შექმნის შესახებ. ფონდმა შესაძლოა, მომავალი წლიდან დაიწყოს მუშაობა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.
მისი თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია TRACECA-ს განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.