ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მისი შეკავება შეიარაღებული ძალების გაძლიერებითაა შესაძლებელი. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია NATO-ს წევრ ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან მისი საზღვრის გასწვრივ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში ჯარების შენარჩუნება უწევს და ნაკლებად სავარაუდო იქნება მომავალშიც, თუ ევროპა შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს.
„რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, ალბათ, მოელის შესაძლო კონფლიქტს NATO-სთან უახლოეს ათწლეულში. თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა როსინმა.
კაუპო როსინის თქმით, რუსეთის უნარი, მიაწოდოს საბრძოლო მასალა თავის ჯარებს, კვლავ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის და თუ დასავლეთი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას არ შეინარჩუნებს, ან გაზრდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა შეძლოს.
ცნობისთვის, რუსთთან შესაძლო ომის შესახებ გაფრთხილებები ევროპელი აქტორებისგან სულ უფრო ხშირად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.
მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.
რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.
„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.
„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის.