SJC: ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული კანონის“ მიღება დაასუსტებს საზოგადოებას და გააღრმავებს იზოლაციას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის პარლამენტისათვის“ წარდგენის შესახებ აცხადებს, რომ ეს ინიციატივა „დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, მკვეთრად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას აფხაზეთში და გააღრმავებს აფხაზეთის რეგიონის იზოლაციას.”


როგორც ორგანიზაცია წერს, კანონპროექტი აფხაზეთში მცხოვრებთა პოლიტიკურ უფლებებს და სოციალურ ყოფასაც გააუარესებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნენ უცხოურ აგენტებად, თუკი ისინი ფულად სახსრებს ან/და სხვა სახის ქონებას უცხო ქვეყნიდან იღებენ. ფულადი სახსრების მიღება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ ჩაითვლებიან „უცხოურ აგენტებად.“


კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის შექმნილია აფხაზეთის ინტერესების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ასევე, აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში საგარეო ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფად.

კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს და კრძალავს ადგილობრივ სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილ კომისიებში, კომიტეტებში, საკონსულტაციო, სათათბირო და სხვა ორგანოებში მათ მონაწილეობას.

ამასთან, იკრძალება უცხოური აგენტების მიერ საჯარო ღონისძიებების, მსვლელობების, დემონსტრაციების, საჯარო დებატების, გამოსვლების დისკუსიების გამართვა. დამატებით, კანონპროექტით, გამორიცხულია, მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობის შესაძლებლობა.

არაკომერციულ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც ასრულებენ “უცხოური აგენტის” ფუნქციებს, არ აქვთ უფლება, გაავრცელონ არასრულწლოვანთა საინფორმაციო პროდუქტები მედიის საშუალებით ან/და ინტერნეტის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს, არ აქვთ უფლება განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა არასრულწლოვანთა მიმართ ან/და პედაგოგიური საქმიანობა რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.


გარდა აკრძალვებისა, „უცხოური აგენტებად“ დარეგისტრირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, ნებისმიერი თანხის მიზნისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალურ სიკეთის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის – პერსონალური მონაცემები.

უცხოური აგენტების საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიძლება ჩატარდეს არაგეგმური შემოწმება. შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციიდან განაცხადის მიღებაც.

არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა კანონპროექტის მიხედვით გამოიწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთის ანექსიური მცდელობები კიდევ უფრო დაჩქარდა და რუსული ინტერესებით გადაწყვეტილებების მიღება იმ საკითხებზეც ხდება, რომლებსაც აფხაზური საზოგადოება წლების განმავლობაში აკავებდა (ბიჭვინთის სანატორიუმის გადაცემის საკითხი რუსეთისთვის, აპარტამენტების მასობრივი მშენებლობა აფხაზეთის 6 რაიონში, ენერგოსექტორში გარე/რუსული ინვესტორების დაშვება და ა.შ.). საოკუპაციო მთავრობის ამ პოლიტიკას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად აკრიტიკებს და მის წინააღმდეგ თვითორგანიზებასაც ახერხებს.


ორგანიზაციის შეფასებით, „როგორც ჩანს, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მიზანი სწორედ ამ საზოგადოების დასუსტება და გაჩუმებაა. ამასთან აშკარაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომელსაც დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოებაში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია ძალაუფლების შენარჩუნების იარაღია”.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღების მცდელობა 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა, თუმცა, ეს საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გამო ვერ შეძლო.

„ამ პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს მორალური და პოლიტიკური რესურსი აფხაზეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები საჯაროდ დაგმოს და ამ კონტექსტში საქართველო წარმოადგინოს, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც გაყოფილ საზოგადოებას ახალი ტიპის პოლიტიკას და პროგრესული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.


აფხაზეთის რეგიონში ანექსიური პროცესების გააქტიურების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის სრული ასიმილაციის პროცესს შეაკავებდა. ძირეულად შეცვლილი რეგიონული და გლობალური კონტექსტების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას 2010 წლის შემდეგ არ განუახლებია სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტი და კვლავ მოძველებული და ვიწრო პერსპექტივებიდან უყურებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკას. ამასთან, საქართველოს მთავრობა ნაკლებად მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესს ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას და აფხაზეთში (და სამხრეთ ოსეთის რეგიონში) მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი ალტერნატივებისა და შესაძლებლობების გაჩენას.


ამ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შექმნას სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ხედვა, რომელიც სამოქალაქო, საერთაშორისო და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების გზით და კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომებით შემუშავება და რომელიც სტრატეგიულად უპასუხებს რეგიონში შექმნილ მყისიერ და გრძელვადიან გამოწვევებს, და ასევე, ახალ შესაძლებლობებს,”– ნათქვამია განცხადებაში.