ტექნოლოგიური გიგანტი Google შეუერთდა სატელიტურ პროექტს, რომელიც მთელ მსოფლიოში მეთანის დონის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს.
პროექტი მარტში დაიწყება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეთანი გლობალური დათბობის მთავარი „კონტრუბუტორია“, რადგან სითბოს ინარჩუნებს. მეთანის დიდი წილი მეურნეობისა და ნარჩენების განადგურების შედეგად იწარმოება, მაგრამ Google-ის პროექტი ნავთობისა და გაზის ქარხნებში მეთანის ემისიებზე იქნება ფოკუსირებული. ფირმები, რომლებიც ნავთობს და გაზს იღებენ, რეგულარულად წვავენ მეთანს.
თანამგზავრების მიერ დაფიქსირებული მონაცემები, ტექნოლოგიური გიგანტის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით დამუშავდება და მეთანის რუკის შესაქმნელად გამოიყენება, რომელიც მიზნად ისახავს მეთანის გაჟონვის იდენტიფიცირებას ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე, მთელ მსოფლიოში. როგორც Google-მა განაცხადა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მისი პროექტი „არსებულ ინსტრუმენტებს შორის ხარვეზებს შეავსებს.“
როგორც BBC წერს, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, მეთანის დონე შემაშფოთებლად მაღალი რჩება. ნასა ამბობს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში მეთანის დონე გაორმაგდა და რომ მისი 60% ადამიანის აქტივობით არის შექმნილი. ამ პროცესში მთავარი წვლილი შეაქვს პირუტყვს: კონკრეტულად - ძროხებს. 2020 წელს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ ძროხას ყოველწლიურად, 154-264 ფუნტი მეთანის გაზის წარმოება შეუძლია.