ესტონეთის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა გამოუშვას ერთობლივი ობლიგაციები ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს 100 მილიარდი ევროს (108 მილიარდი დოლარი) ევროობლიგაციების გამოშვების გეგმაზე, რათა  ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გაზარდოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად.


„ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მეტი ინვესტიცია გვჭირდება და უნდა გამოვიკვლიოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რადგან ობლიგაციები, რომლებსაც ცალკეული ქვეყნები გამოსცემენ, ძალიან მცირეა მასშტაბის გასადიდებლად,“ - განაცხადა კალასმა.

Bloomberg-ის ცნობით, თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად, ერთობლივი სესხის აღების იდეას უკვე დაუჭირეს მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მაგრამ ნიდერლანდები და გერმანია, სავარაუდოდ, უფრო ყოყმანობენ.


ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რომ მიიღონ სესხი. ობლიგაციის გამომშვებ პირებს ემიტენტებს უწოდებენ. ვინც ობლიგაციას ყიდულობს, ის ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება, იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე, ცვალებადი.

ობლიგაციის მფლობელს ამ ობლიგაციის გადაყიდვაც შეუძლია. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ჩვეულებრივი სესხისგან. ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია და, შესაბამისად, საფონდო ბირჟებზე მისი ყიდვა-გაყიდვა ხდება. კომპანია ობლიგაციებს უშვებს, როდესაც დამატებით თანხა ესაჭიროება და საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია უნდა, რომ მხოლოდ ბანკის სესხზე არ იყოს დამოკიდებული.