უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერი ძალიან მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განვითარების სააგენტო. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და ამ სააგენტომ მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი და ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ძალიან მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება.
წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.