სტოლტენბერგი: უკრაინას F-16-ებით თავდაცვის უფლება აქვს, უკრაინის გარეთ, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ჩათვლით

NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ჩათვლით. მისი განმარტებით, თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას და მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ომი უკრაინაში არის აგრესიის ომი, და უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.


რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეკითხვას, როდის შეძლებს უკრაინა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან გაიმეორა, რომ უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს, მაგრამ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მფრინავები, ტექნიკური მომსახურების ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებულები იქნებიან.


„ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, თუ ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გაგზავნისა და მიწოდების დასაწყებად. რაც მალე მით უკეთესი," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.