საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი ინტერკონექტორის პროექტი უნდა გაფართოვდეს - ევროკომისარი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.


„ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის, შავი ზღვის ქვეშ, მაღალი ძაბვის გადამცემი ორმხრივი ინტერკონექტორის გაყვანის ინიციატივას. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესი,“ - აღნიშნა მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. სიმსონმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში უკვე შედის.


„ეს ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის, „გლობალური კარიბჭის ფარგლებში, ფლაგმანი პროექტია,“ აღნიშნავს სიმსონი. „ეს არის მნიშვნელოვანი პირველი პროექტი და გათვალისწინებულია უფრო ფართო მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც მოიცავს წყალბადით შესაძლო ვაჭრობას განახლებადი წყაროებიდან,“ გამარტავს ევროკომისარი. ის მიესალმა რომ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ამ ინიციატივას. ამასთან, ევროკომისარი მეტი ჩართულობის ინიაციატივით გამოვიდა.


ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.


პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.