პოლიტიკა
ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას.
„რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსზღვრული 9 ნაბიჯიდან პირველი. ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და ამიტომ გვსურს, საქართველომ იმოქმედოს, როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან.
ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელთა უმრავლესობა გარედან მოდის, ჩვენ, ყველამ ვიცით, საიდანაც. ვიმედოვნებთ, ყველა ერთად მოვყვებით ნამდვილ ამბავს, რომ ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელსაც საქართველოში დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც, იმედი მაქვს, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მომავალ თაობებს,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მოუწოდა, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში.
ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.