პრემიერის თქმით, არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება და ის 31 ოქტომბერს, წესების დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

"არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა.

არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად, რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, წესები დავიცვათ, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება". – თქვა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოში სულ კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.