სალივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევით შეშფოთებულია

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ შეშფოთება რა თქმა უნდა, არსებობს. მისი თქმით, „ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ეხება უცხო ქვეყანას, უცხო მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და დემოკრატიაზე."


მან ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება "ფხიზლად" არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად.

ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "კონგრესთან ერთად იმუშავებს ორპარტიულ საფუძველზე, რადგან ეს პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს."


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.