საქართველოსა და ევროკავშირში არჩევნები ახლოვდება, გაიზრდება დეზინფორმაცია - ელჩი

„ჩვენ ველით საქართველოსგან, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი თანხვედრის ეს მაჩვენებელი 100 პროცენტთან რაც შეიძლება მიახლოებული იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.


„ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბროლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი, განსაკუთრებით - დეზინფორმაციის, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია. ჩვენ ამ კუთხით ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.


ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ წელს, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, არჩევნები ახლოვდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირია,“ - აღნიშნა ელჩმა.


მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა, იმუშაოს ყველასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას.

„ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველასთან, რათა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, რათა საქართველოს მოსახლეობა იყოს კარგად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება,“ - აღნიშნა დიპლომატმა IPN-ის ცნობით.


შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა.


8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.