სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას.
მისი ვარაუდების წყაროების დასახელების გარეშე, ფიცომ სლოვაკეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, ორმხრივ საფუძველზე.“
ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და კრიტიკოსების მიერ პრორუსულად მიჩნეული პოზიცია დაიკავა, დეტალები არ უთქვამს და მის კომენტარებზე სხვა ევროპელი ლიდერების გამოხმაურებაც არ გასაჯაროებულა.
„მე ვერ გეტყვით, რა მიზნით და რა უნდა გააკეთონ იქ“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში.
NATO-ს ფიცოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შესაბამის კითხვას კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩეხეთი, რა თქმა უნდა, არ ემზადება ჯარისკაცების გაგზავნისთვის უკრაინაში, ამაზე არავის უნდა ინერვიულოს.“
ფიცომ განმარტა, რომ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დიდი ესკალაციის რისკს და რომ მეტი ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის შეუძლებელია.
დაახლოებით 20 ევროპელი ლიდერი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერი ორშაბათს პარიზშ იკრიბება, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნოს მესიჯი ევროპული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომ „რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს,“ რომელიც უკვე მესამე წელს ითვლის.