შაჰ-დენიზ 2-ის პროექტის ფარგლებში, საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის წარმოება დაიწყო, იუწყება აზერბაიჯანული მედია bp-ზე დაყრდნობით. მანამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა დაკავშირებული სამშენებლო სამუშაო და ოპერატიული ტესტირება წარმატებით დასრულდა და სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა.
შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. ის მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.