შუა დერეფანში ერთიანი IT სისტემა უნდა შეიქმნას - მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი

„არ არსებობს ერთიანი IT სისტემა, რომელიც მოიცავს შუა დერეფანს (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის,“ განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ვიქტორ არაგონესმა თბილისში გამართულ შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე. 


მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული საკითხები, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ინფრასტრუქტურას არ უკავშირდება.

„შუა დერეფანი უფრო რთული დერეფანია, ვიდრე სხვები. საჭიროა მრავალ მხარეს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება,“ აღნიშნა ვიქტორ არაგონესმა.


თავის მხრივ, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პოტენციალი არის ევროპაში ტვირთების გაფართოება კავკასიის რეგიონის გავლით. ბექტასოვის თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია შუა დერეფნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება 2040 წლამდე და შემდგომ. ბექტასოვმა მოუწოდა მსოფლიო ბანკს, განიხილოს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მომავალში მოსალოდნელ ეკონომიკურ და გარემოს ცვლილებებს.