ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მოკავშირეების შეთანხმება იქნება, ლატვია მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთლიანად ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.
ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მოგვიანებით, საფრანგეთმა განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, უკრაინაში თეორიული გაგზავნის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით იყო შემოთავაზებული ემანუელ მაკრონის მიერ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პარლამენტში საუბრისას განმარტა, რომ პარიზმა „უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.“