რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას, საფრანგეთის ლიდერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა.
„NATO-ელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან, მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი დაიწყო და რომლის არმიასაც არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ომის დანაშაულში სდებს ბრალს, ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი: „მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი „მულტფილმია.“
„მათ დაიწყეს საუბარი NATO-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება,“ - აღნიშნა პუტინმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.
ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.